ჩაძირული კრეისრის „მოსკვას“ ეკიპაჟის 37 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ Medyza შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მათი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. კრეისერზე 500 ადამიანი იმყოფებოდა.
დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.
რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.
15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.
ასევე წაიკითხეთ
მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს