ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა

უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას; მოვახდინოთ რუსეთზე ზეწოლა, რათა შეწყვიტოს ეს ომი. ამავე დროს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ახლო პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს და ამიტომაც ვარ აქ. კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად განვიხილავ ენერგოუსაფრთხოების მიმართულებას. კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე და გარკვეული იდეებით ვართ წარმოდგენილები. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროპის ენერგომომარაგებას, საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებენ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


ჯეიმს აპატურაიმ მადრიდის მომავალ სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დადასტურებას ელის. ჯეიმს აპატურაის თქმით, რაც არ შეცვლილა, არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. რაც შეეხება სანქციებს და შეკითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მიმართულებით, აპატურაის თქმით, NATO, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში.

„ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა შეწყდეს ეს ომი“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც. 

„NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - განუცხადა აპატურაიმ ჟურნალისტებს.

Europetime-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას.

ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.


ამავე თემაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში უსმენს