რუს ჩოგბურთელებს წელს უიმბლდონზე არ დაუშვებენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსი მოთამაშეები წელს უიმბლდონზე არ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული ახალი ამბების სააგენტო Sportico-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. აკრძალვა სავარაუდოდ, ასევე შეეხებათ სპორტსმენებს ბელორუსიდანაც. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზატორები (AELTC) მაისის შუა რიცხვებში გამოაცხადებენ. ამ ეტაპზე კი, კომენტარისგან თავს იკავებენ.

ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მას არ მოეწონება, თუ „რუსი სპორტსმენი უიმბლდონის მოგებით რუსეთის დროშას ლონდონში ააფრიალებს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.