ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვერაზე: საქართველო უკრაინის გვერდით დგას და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია

უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი ,საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი, მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო უკრაინას აქტიურად უდგას გვერდით და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია.


რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.