გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI

თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ამ შეკითხვას NDI-ის მიერ გამოკითხულებმა უპასუხეს.

  • 67% - რუსეთი
  • პუტინი - 11%
  • აშშ-9%
  • უკრაინა - 5%
  • NATO-3%
  • ევროკავშირი - 2 %

საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა (67 პროცენტი) და პუტინის (11 პროცენტი) ბრალია. ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის (98 პროცენტი), ასევე უკრაინის მთავრობის (87 პროცენტი) მიმართ.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ომზე საპასუხო ქმედებებს დადებითად მოსახლეობის 63 პროცენტი აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებებს - 46 პროცენტი.

„კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული“, - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი. მისი თქმით, კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს.

  • „ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა - მოგვარებისკენ მიმართონ.”

ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი).


ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.