რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვისას მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, უზრუნველყონ რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე შეუფერხებელი წვდომა ყველას ჰქონდეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პაპის თქმით, ჯანმრთელობა საერთაშორისო საკითხია და ის დაუშვებლად მიიჩნევს „ვაქცინის ნაციონალიზაციას". მეტიც, რომის პაპი იზიარებს გაეროში გამოთქმულ შიშებს, რომ პანდემიური ვითარება გაუარესდება, თუ ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ბოლოს მიიღებენ.
რომის პაპმა ქადაგებაში პანდემია Covid-19-ზე ისაუბრა და დიდ სახელმწიფოებსა და კომპანიებს მოუწოდა, რომ ვაქცინის გაზიარება პატარა და შედარებით დაუცველი ქვეყნებისთვის და მოსახლეობებისთვის მოხდეს.
„ისტორიის ამ მომენტში, როცა მსოფლიო ეკოლოგიური და ეკონომიკურ კრიზისშია და კოვიდ19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანცირების წესები მოქმედებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ძმების და დების აღიარება. მე ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, კომპანიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვევედრები, რომ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას. იპოვონ გამოსავალი ყველასთვის და ვაქცინები განაწილდეს მთელ მსოფლიოში. ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში, განსაკუთრებით მათთან - ვინც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და გაჭირვებულია"- ნათქვამია რომის პაპის საშობა ეპისტოლეში.