ავსტრალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციები რუსეთის კიდევ 147 მოქალაქეს, სენატორებს, პუტინის შვილებსა და რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილს დაუწესა. ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ავსტრალიის სანქციების ქვეშ, ბოლო მონაცემებით რუსეთის 750 მოქალაქე მოექცა, რომელთაც ავსტრალიაში შესვლა აეკრძალათ და აქტივები გაეყინათ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარის პეინის განცხადებით, „ავსტრალია განაგრძობს შემზღუდავი ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც ემხრობა უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ქვეყანაში გავლენებით სარგებლობს“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფი დააწესა.
ავსტრალიამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, 7 აპრილს ბუჩას მოვლენების შემდეგ სანქციების კიდევ ერთი პაკეტი გამოიტანა. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ