უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია მარიუპოლის დაღუპული მცხოვრებლების მასობრივ საფლავზე, ომის დანაშაულების შედეგების დამალვის მიზნით. ამჯერად, ლივობერეჟნიის რაიონში სოფელ ვინოჰრადნეს სასაფლაოს მახლობლად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტები ახორციელებენ მარიუპოლის დაღუპული მცხოვრებლების /დაკრძალვას/კრემაციას ქალაქის ყველა რაიონში”, - წერს ანდრიუშჩენკო.

მან გამოაქვეყნა სატელიტური სურათი და დაამატა, რომ რუკაზე მასობრივი საფლავის სავარაუდო ადგილი იყო მონიშნული. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში შემოვლითი გზის მახლობლად რამდენიმე მასობრივი საფლავი გააკეთეს და იქ პლასტმასის ჩანთებში შეფუთულ გვამებს ყრიან.

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. მათი ევაკუაციის მცდელობები გრძელდება.


მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.


რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ