პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და მე-5 ნაწილის ,, გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს