საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა.
„პარლამენტის წევრებთან ერთად მოვინახულეთ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები – ბავშვები და მათი მშობლები. მივულოცეთ დამდეგი აღდგომა და გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელი მოქალაქეები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა
შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.