რუსეთის თანხმობა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუამავლობით განიხილოს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხის გადახდის საკითხი, ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედს გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს ამ ვალდებულების შესრულებას მუდმივად ახსენებდა.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მუდმივად ახსენებდა ვალდებულების შესახებ რუსეთის ფედერაციას, რათა გადაეხადა 10 მილიონი ევრო, მინიმუმ 1 500-ზე მეტი მსხვერპლისათვის და ამ მიმართულებით არის წინსვლა. რუსეთის ფედერაცია დათანხმდა, რომ განიხილოს მოდალობები, რომლის მიხედვით, ამ საკითხის გადაჭრა მოხდება ევროპის საბჭოს შუამავლობით. ეს ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედებს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ გადახდის ნაცვლად, ჩვენ ვიწყებთ განხილვას მოდალობების მიხედვით, როგორ უნდა მოხდეს ეს”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას, მათი უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.