უკრაინა: ოდესაში რუსეთის საჰაერო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ოდესაში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობა იუწყებოდა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კი, კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა.

თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. გერაშჩენკოს ცნობით, რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, მათი „სამიზნე იყო ლოგისტიკური ტერმინალი სამხედრო აეროდრომზე, სადაც ინახებოდა აშშ-დან და ევროპიდან მიღებული შეიარაღება“.


რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.