უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც იერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ არის შემუშავებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების უპრეცედენტო დახმარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს პირადად და მთელი უკრაინელი ხალხის სახელით, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გამოჩენილი ლიდერობისთვის, მისი პირადი მკაფიო პოზიციისთვის. მადლობა გადავუხადო მთელ ამერიკელ ხალხს, ისევე როგორც კონგრესს ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ამას ვგრძნობთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 3,4 მილიარდი აშშ დოლარის თავდაცვითი მხარდაჭერა უკვე უზრუნველყოფილია შეერთებული შტატების მიერ და ეს არის უდიდესი წვლილი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.
პრეზიდენტის თქმით, ამ დახმარებამ უკვე შეუწყო ხელი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იცავენ სამშობლოს.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანქციების პოლიტიკას, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და აგრესორზე გავლენის მნიშვნელოვან ელემენტად იქცეს.
„ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები ამ გზაზე და იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის გზების განხილვისას, როგორც ეკონომიკის ხელშეწყობის, ასევე, ქვეყნის შემდგომი აღდგენის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინული საქონლის ამერიკულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამშვიდობო პროცესი და ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერების პერსპექტივები. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ლიდერად ხედავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში 24 აპრილს ჩავიდნენ.
ამავე თემაზე
- ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია
- ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
- ენტონი ბლინკენი: სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი