ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია

უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი, თუ მას ექნება შესაბამისი აღჭურვილობა, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ორშაბათს კიევში მოგზაურობიდან დაბრუნებისას. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ.

„გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯია გჯეროდეს, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, გაიმარჯვონ. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ, მათ შეუძლიათ, გაიმარჯვონ, თუ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტთა ჯგუფს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად ვიზიტის შემდეგ.

„ჩვენ გვინდა, რუსეთი ვიხილოთ იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მას არ შეეძლება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა...რუსეთმა უკვე დაკარგა ბევრი სამხედრო შესაძლებლობები, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ამ  შესაძლებლობების კვლა წარმოება ვერ შეძლონ  ძალიან სწრაფად", - განაცხადა ოსტინმა.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.