„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მელიამ განაცხადა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს, იცი პუტინის ტყვე არის მიხეილ სააკაშვილი და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს. ოპოზიციონერი ლიდერი თვლის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, საქართველოს ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით უზრუნველყოს.
ნიკა მელიამ ბრიფინგი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვიილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართა. ოპოზიციური პაარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, დღეს არავის აქვს გარანტია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს, ან თრომბს. შესაბამისად, „ახლა ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის“.
„ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ; ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა თქვენთან შესაძლებლობა ერთხელ შეხვედრის. ძალიან კონტრვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. როდესაც მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იგი პირველივე დღიდან ჩააგდეს, როდესაც ციხეებთან უწყობდნენ აქციებს, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მასზე, ეს ყველაფერი, ქალბატონო სალომე, ხომ იცით?! თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით, თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ.
არ იქნება ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, თუ თქვენი პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ ასე შორიდან დავაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არსებობს წინაღობები, რასაც ვუმკლავდებით ამ თვეების განმავლობაში, პუტინის ტყვის მოკლე ვადაში გათავისუფლება არ აღმოჩნდა მარტივი, მაგრამ ეს გრძელდება. ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცი პუტინის ტყვე არის ის ადამიანი, ვისზეც ვსაუბრობთ და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს.
იმედი მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, მხოლოდ იმედს არ ეფუძნება ჩემი მოსაზრებები, საერთაშორისო მეგობრები ქმედით ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ დრო არ ითმენს. არავის აქვს დღეს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სავალალო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს, ან თრომბს. ახლა არის ერთობის დრო, არ არის ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო, რომ არ გავხდეთ ისტორიული უსამართლობის თანამონაწილენი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.