პრემიერის ბრძანება ძალაშია, სპორტსმენები ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლესში ჩაირიცხებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები განისაზღვრა.

ტიტულოვან სპორტსმენებს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვა გამოცდის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ამისთვის მათ განათლების მინისტრს გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ. ამასთან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ აღნიშნულ პირს, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება.

"ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია;

დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ასევე წაიკითხეთ:

მთავრობის დადგენილების პროექტი: საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენები ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ

რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან უგამოცდოდ ის სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედალს მოიპოვებენ