„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
ამასთან, პარტიაში არც იმას ადასტურებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა.
როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერაა დაწერილი.
"გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის... ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.