საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე შეთავაზება მიიღო.
„100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია“, - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას.
კითხვაზე, შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს რომ მისი დამოკიდებულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, ის არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი არ იქნებოდა.
თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, რუსთავი 2-მა 26 აპრილს გაავრცელა.