პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აცხადებს.

„სანქციების მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რუსული მხრის დაფინანსების შეზღუდვა. კანონი სანქციების შესახებ ვრცელდება იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პოლონეთში აწარმოებენ ბიზნესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სანქციების პირველ პაკეტშია 50 პუნქტი, რომელშიც არიან ოლიგარქები და რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“. სანქცირებულია ასევე ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი, რომელიც კომპანია „აზოტის“ 20%-ს ფლობს. შეზღუდვები შეეხოთ, ძირითადად ლუკაშენკოს რეჟიმთან კავშირში მყოფ პირებს. ასევე სანქცირებული იქნება ყველა პირი, ვინც „დონბასიდან პოლონეთში ქვანახშირის იმპორტს ახორციელებდა“.

„ჩვენ გამოვიყენებთ რამდენიმე ტიპის სანქციებს, მათ შორისაა ქონების გაყინვა, ტენდერებში მონაწილეობა. ოლიგარქებს კი აეკრძალებათ პოლონეთში შესვლა. ეს პირველი სიაა და კიდევ გაფართოვდება“, - განაცხადა მინისტრმა.

კერძოდ, პოლონეთს შეუძლია გამოიყენოს 4 სახის ღონისძიება: 4 სუბიექტისთვის დაწესებული თანხების გაყინვა, პოლონეთის ტერიტორიაზე ოლიგარქების შესვლის აკრძალვა, ასევე 25 სუბიექტისთვის დაწესებული საჯარო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ტენდერებში მონაწილეობის ჯარიმა, მიუხედავად აკრძალვისა, 20 მილიონ ზლოტამდეა.

„პირველი სია უკვე გამოქვეყნდა პოლონურ ბიულეტენში. სამომავლოდ, შესაბამისი სამსახურების მიმართვები უკრაინაში რუსული აგრესიის დამფინანსებელი პირების მიმართ განიხილება უწყვეტ რეჟიმში. სანქციების სია, რა თქმა უნდა, გაფართოვდება“, - ირწმუნება კამინსკი.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს