დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ Telegram არხზე აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე დაწერა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია კრემლის იძულება, დაასრულოს ომი უკრაინაში, არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ფინანსური დახმარების გაფართოება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.

შმიგალმა Telegram-ზე ასევე დაწერა, თუ რა საკითხებზე ილაპარაკა ჯო ბაიდენთან. „ვისაუბრე ოკუპანტების სისასტიკეზე უკრაინის ტერიტორიაზე. მრავალრიცხოვან მსხვერპლსა და მნიშვნელოვან ზარალზე, განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაფასებთ ბატონ ბაიდენის გადამწყვეტ პოზიციას, [რუსეთის] რომ ამ ქმედებებს გენოციდი უწოდა. იმედი გვაქვს ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შევძლებთ, რომ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ხალხმა აჩვენეს, რომ ჩვენ არ დავთმობთ და შეგვიძლია, გავიმარჯვოთ“, - დაწერა შმიგალმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

„შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში.

შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგალი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე.


ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს.

19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 


ასევე წაიკითხეთ 

რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ

რა საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმა