დემოკრატია არაა ტესტი, დემოკრატია განვითარების პროცესია. ეს არჩევნები ერთ-ერთი ნაბიჯია ამ პროცესში. ჩემი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ბევრი დადებითი რამ მოხდა და ამ მხრივ, 8 მარტის შეთანხმებამაც თავისი როლი ითამაშა. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მეტი პარტია ვნახეთ, მეტი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა, მეტი საარჩევნო პროგრამა მოვისმინეთ. დისკუსია სწორედ იმაზე უნდა იყოს, თუ რა მიმართულებით უნდა დავიდეს ქვეყანა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, „იმედს“ განუცხადა.
„2018 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი, ამ არჩევნებში ნაკლები აგრესია და სიძულვილის გამოხატვა იყო. უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მიუხედავად, ამდენმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამავდროულად, იყო დოკუმენტურად დადასტურებული ხარვეზები ეუთო/ოდირის ანგარიშში, იყო პრობლემები საჩივრებთან დაკავშირებით, უკვე არჩევნების შემდეგაც. ეს ყველაფერი გადაიზარდა სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვართ.
ისევ ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმართება პოლიტიკური დიალოგი და ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს, რადგან ვეხებით ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა არჩევნები, დემოკრატია, ის, თუ რა გზით უნდა წავიდეთ წინ.
მე სულაც არ ველოდი, რომ მოლაპარაკებები ადვილი იქნებოდა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები, თუკი კარი ან თუნდაც ფანჯარა, მისაღები გამოსავლის საპოვნელად, ღიაა, მე, როგორც ერთ-ერთი ფასილიტატორი, აუცილებლად დავეხმარები ამ პროცესს, თუმცა, დრო გადის“, - აღნიშნა დიპლომატმა.