„ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლარიზებულ გარემოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ვფიქრობ, ამაზე უკანასკნელი სამ ნახევარი წლის განმავლობაში ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ. ვიტყოდი, რომ როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართულებით სვლის სურვილსა და ევროკავშირის წევრობის განაცხადის უკან დგომას, ეს ერთ-ერთი ის საკითხებია, სადაც მე ვხედავ ძალიან ძლიერ საერთო ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობაში, რასაც ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%.
ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე, ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია იქნება დანახული, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით გარღვევა მოხდეს. თუმცა ვშიშობ, ეს უფრო მეტად იმედია, ვიდრე პროგნოზი ჩემი მხრიდან“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.