„როცა საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე.
„როცა საკითხი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„კლინიკების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ 21 აპრილს განაცხადა, რომ სააკაშვილი გაურკვეველი ტოქსიკებით იყო მოწამლული და მიზეზი უნდა დადგენილიყო. ექსპრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ამავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ადვოკატების თქმით, მისი საზღვარგარეთ გადააყვანა აუცილებელია. 22 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულეს. გავრცელებული ცნობებით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კონსილიუმის ერთ-ერთ წევრი გიორგი გრიგოლია, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ სააკაშვილთან ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი შევიდნენ.
„ზოგადად, პირველი შთაბეჭდილებაა, რომ დამძიმებულია - გამწვავებულია ძველი ჩივილები და გადასულია შემდეგ სტადიაში, საკვებს ვერ იღებს", - განაცხადა გრიგოლიამ სატელევიზიო მედიასთან.
მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ექიმის დახმარება ითხოვა.