აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს NATO-კენ. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო რომელიმე ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდით საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო.
წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ასევე არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.