საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს.
აღინიშნა NATO-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში.
პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა NATO-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
- NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
- ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი