რუსეთმა აშშ-ში კოკაინის გადაზიდვისთვის გასამართლებული მფრინავი, აშშ-ის საზღვაო ქვეითზე გაცვალა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა კოკაინის გადაზიდვის მომზადებისთვის აშშ-ში გასამართლებული მფრინავი კონსტანტინ იაროშენკო გაცვალა აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეით ტრევორ რიდზე, რომელიც მოსკოვში პოლიციელზე თავდასხმისთვისაა გასამართლებული.

გაცვლა შედგა მესამე ქვეყანაში, იტყობინება „ინტერფაქსი“ იაროშენკოს რუს ადვოკატზე დაყრდნობით. მან დააზუსტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ ჩასულა რუსეთში. რუსი მფრინავის ცოლი, მედიასთან აცხადებს, რომ გაცვლა თურქეთში მოხდა.

კონსტანტინ იაროშენკო აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა 2010 წელს დააკავეს დასავლეთ აფრიკაში, ლიბერიაში, და შემდეგ მოხდა აშშ-ში მისი ექსტრადიცია. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, რუსეთის მოქალაქემ ითავა ვენესუელიდან ლიბერიის გავლით აშშ-ში ოთხი ტონა კოკაინის ჩატანა. თავად მფრინავმა დანაშაული უარყო. 2011 წელს მას 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. რუსეთი მის დაკავებას „მოტაცებას“ უწოდებს. იაროშენკოს ამერიკული დაცვა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. საქმის განხილვის მსვლელობისას იაროშენკოს უკავშირებდნენ აშშ-ში გასამართლებულ რუსეთის სხვა მოქალაქეს, ვიქტორ ბუტს, რომელსაც 25 წლით პატიმრობა მიესაჯა კოლუმბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიყიდვის მომზადებისთვის.

რაც შეეხება აშშ-ს მოქალაქე ტრევორ რიდს, რუსული მედიის ცნობით, ის ტეხასელი სტუდენტია და რუსეთში ტურუსტული ვიზით ჩავიდა. ტრევორი 2019 წლის აგვისტოში დააკავეს, რომელსაც ლენინგრადის გზატკეცილზე ორ გოგოსთან კონფლიქტი მოუვიდა. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ  დაკავებისას, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და თავს დაესხა მძღოლს, რომელსაც ფორმა დაუხია და მის თანაშემწეს დაარტყა. 2020 წლის ივლისში მას კოლონიაში 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.