პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას უმასპინძლეს. პარლამენტის ცნობით, სტუმარმა კომიტეტის წევრებს NATO-ს გენერალური მდივნის გზავნილები და საქართველო-NATO-ს პარტნიორულ ურთიერთობებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხედვები გააცნო.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მომეტებული საფრთხეების შესაკავებლად, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდა.
„ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 2022 წლის 6-7 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ მოკავშირეების გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდის თაობაზე. მაგრამ, უპირველესი, უალტერნატივო და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც შემჭიდროვებულ ვადებშია გადასადგმელი, არის NATO-ს გაფართოება და თავისუფალი დემოკრატიების ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებით დაზღვევა და გადაფარვა. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას. მივესალმებით იმის ხაზგასმას, რომ დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა, რომ ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები, რომ ვერცერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, კოორდინაციას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ, ირაკლი ბერაიამ და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.
„NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ დადგა დრო, საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაბიჯები და საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, სათანადოდ იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემები და ასევე ის პოლიტიკური საკითხებიც, რომელთა განხილვაც აუცილებელია თქვენს ხელისუფლებასთან. NATO-საქართველოს ურთიერთობა ძალიან წარმატებულია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას.
ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა და პრაქტიკული ასპექტები ერთობ წარმატებულია და ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის.
ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ჩვენი რწმენით, იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ პარლამენტის ცნობით.
NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.