„სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ეს მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით სამი დღის წინ იმყოფებოდა.
„შეუძლებელია, გულგრილი დარჩე უკრაინელების მიღწევების მიმართ. ასევე შეუძლებელია, არ გჯეროდეს, რომ მათი წარმატება გაგრძელდება, იმიტომ, რომ მათ იციან, რისთვის იბრძვიან. ამის შემხედვარე, უნდა გითხრათ, რომ სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ეს მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
ბლინკენმა მოლდოვაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ 100 მლნ დოლარის გამოყოფას და დაამატა, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებს.