აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოგზაურობის შემდეგ, გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართა შეხვედრა. Reuters-ის ცნობით, 40-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა ღონისძიებას, მათ შორის ძირითადად ევროპიდან, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისრაელი, კენია და ავსტრალია. შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან.
„მთელ მსოფლიოში ქვეყნები გაერთიანებულნი არიან გადაწყვეტილების ირგვლივ, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ოსტინმა. შეხვედრის შემდეგ, ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფორუმი გაგრძელდება, როგორც ყოველთვიური „საკონტაქტო ჯგუფი“, რომელიც განიხილავს უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს.
გერმანიამ პირველად გამოაცხადა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ.
„გუშინ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია ხელს შეუწყობს თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიწოდებას უკრაინაში“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.