არქეოლოგებმა პომპეიში ანტიკური ხანის კვების ობიექტის დახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ ქალაქ პომპეიში ანტიკურ კვების ობიექტის დახლს მიაკვლიეს. ასევე ნაპოვნია უნიკალური ტერაკოტას ჭურჭელი, სადაც მეცნიერებმა სხვასხვა საჭმლის კვალიც იპოვეს.

ადგილზე, სადაც გათხრები ჩატარდა, დაახლოებით 2000 წლის წინ ე.წ. თერმოპოლიუმი მდებარეობდა, რაც დღევანდელი მნიშვნელობით კვების ობიექტს ნიშნავს. დახლის წინა მხარე ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებითაა მოხატული. ვარაუდობენ, რომ მათ შორის ზოგიერთს ინგრედიენტებად იყენებდნენ.

„ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. პირველი შემთხვევაა, როცა მთელ თერმოპოლიუმს ვთხრით”, – აცხადებს პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი მასიმო ოსანა. გათხრების შედეგად აღმოჩენილ კონტეინერებში ღორისა და ძროხის ხორცის, ასევე, თევზისა და ლოკოკინის კვალს მიაგნეს. ასევე, კერამიკული ქილები და ღვინის ჭურჭელიც არის ნაპოვნი.