აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ახალი კანონპროექტი შესაძლებელს გახდის უკრაინაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად გაგზავნას.
კანონპროექტმა 417 მხარდამჭერი და 10 საწინააღმდეგო ხმა მიიღო.
უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა დაუყოვნებლად დაუჭირეს მხარი ლენდ-ლიზის კანონს, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეეძლოთ რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა.
ახლა კანონს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. აქამდე, 6 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა.
"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.
ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
ასევე წაიკითხეთ