საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, ამ პრეტენზიებს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების და ლტოლვილების მიღების კუთხით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მოწინავე. ასევე, სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია, რომ არ იქნება გვერდის ავლა. გამოდის, რომ არის ორი საკითხი, სადაც საქართველო ვერ მონაწილეობს. ეს არის სამხედრო დახმარება და მეორე ფრონტის გახსნა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რეისის ორგანიზებაზე და მოხალისე მებრძოლთა ორგანიზებულად გაშვებაზე, რაც იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ზუსტად მაშინ იყო, მეორე დღეს, რომ ელჩის გაწვევა მოხდა კონსულტაციაზე. ანუ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას და სამხედრო ჩართულობას, საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში ვერ ჩაერთვება და მეორე, აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს პრეტენზიები, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.