ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი

"მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღევანდელი დღე მსურს მივულოცო, თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს. ჩვენს მამაც სამხედროებს, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა.

ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე როგორც შეეფერება თქვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები.


ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს