"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უმკურნალონ კვალიფიციურმა სამედიცინო პროფესიონალებმა. ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება და ის, რისკენაც ჩვენ ასევე მოვუწოდებთ. მე ვიხილე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ისინი უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებას, რომელთაგან ნაწილზე, მათი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებს, ყურადღებით განიხილონ ეს რეკომენდაციები. სახალხო დამცველის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატი. ასე რომ, სწორედ ამ ოფისმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.