ამირან გამყრელიძე: თუ ასეთი შეზღუდვები არ გაგრძელდა, იანვარში დღეში 5 000-მდე ადამიანი დაინფიცირდება

თუ ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნება, იანვრის ბოლოს დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 5 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თუ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს, გავაგრძელებთ თვის ბოლომდე, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571 ახალი შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც იჭერს, ეს იქნება, დაახლოებით, 800-900, რასაც ვერ დაიჭერს, ეს იქნება 600-700", თუ „მოვუშვით“ ის შეზღუდვები, რაც დღეს არის, შეიძლება შემთხვევები ავიდეს 5000-მდე“ - თქვა მან.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტამდეა გაზრდილი.

მისი პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს გაუტოლდება, იანვრის ბოლოს დღიურად 728 ახალი შემთხვევა იქნება. მათგან 500-ს აღმოაჩენენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტესტირების მიღმა დარჩება.

ცნობისთვის, მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 583 პირს დაუდატურდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა.