ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ და ვერ იქნება, სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კი, პარტნიორებს კითხვები არ აქვთ.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად გაცხადებულია, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.
„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახორციელებს ინფორმაციის გაცვლასა და დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებებით. შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული. სანქცირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ხაზინისა და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდებზე, რომელსაც დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, ორმ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.
ცნობისთვის, 30 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით.
- „ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აცხაებს დეგნანი.
ამავე თემაზე