საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა. სამინისტროს ცნობით, ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები.
ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ.
თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.