მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განხორციელდა - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.
"მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.
საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები." - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.