იუსტიციის მინისტრი პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაძვირებაზე: საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“. 

„იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ტარიფებში არის ცვლილებები. ცვლილება განიცადა როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის საფასურმა.

აქვე, მაგალითისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც ისინი იხდიდნენ და განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ახლა გახდება 50 დოლარი.

არსებული საფასურები 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ზემოთ ეს სახელმწიფო უწყებები მეტწილად დამოკიდებული არიან მათ შემოსავლებზე. შესაბამისად, თანხების დიდი ნაწილი მიემართება თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები თანამშრომლების ხელფასების გასათანაბრებლად.


ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური პირველი მაისიდან გაძვირდა.