3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.
1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა.
ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.
ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“.