ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით

"ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა.

„ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. დაბალი გავრცელების მიუხედავად, ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე, ბევრად რთული ეტაპისთვის, რომელიც ჩვენი გათვლებით შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა და სექტემბრის დასაწყისიდან შემთხვევების მკვეთრი მატების ტენდენცია დაფიქსირდა. სწორედ წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არამხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ჯაჭვში ერთ-ერთ წამყვან რგოლს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს. მინისტრის განმარტებით, 2020 წელს საქართველოს ფარმაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრის თქმითვე, რეგულირების სააგენტოს მიერ გაიცა პირველი GDP სერტიფიკატი, რითაც ქვეყანა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალ საფეხურზე გადავიდა.

„მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო რეგულირების სააგენტოს უდიდესი წვლილი პანდემიის მართვაში. სააგენტოს მიერ ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სრულყოფილი აუდიტი. 2020 წელს რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არამხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი“,- განაცხადა მინისტრმა.