შალვა პაპუაშვილი: მეგობარს, რომელსაც რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე ამის მტკიცებულება უნდა წარადგინო

არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის განცხადება შეაფასა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულმა ბრალდებებმა ასეთ განცხადებებს ფასი დაუკარგა.

„სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს.