რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებებია და 3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება.

„3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას.

ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, როგორც კლინიკის მმართველი გუნდი, მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და მომავალშიც განაგრძობს მათთან თანამშრომლობას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამ დრომდე, ლევან გოფოძე ხელმძღვანელობდა.

„თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა ამ საქმეში. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ შემცვლის. ჯავარა უგრეხელიძეც იცვლის პოზიციას. იცვლება მთლიანად მენეჯმენტი, ასე გადაწყვიტა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა. მოგეხსენებათ, ჰოლდინგს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, ისინი თავისებურად ხედავენ განვითარებას და რაღაც ცვლილებები ხდება. თუმცა ჩემს შემთხვევაში, ცვლილება უკავშირდება უბრალოდ ჩემს ჯანმრთელობას. გულის და დიაბეტის პრობლემები მაქვს. ვრჩები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვიმუშავებ როგორც ქირურგი, მეყოლება სტუდენტები“, - განუცხადა ლევან გოფოძემ მედიას.

 ასევე წაიკითხეთ
 

ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ