"რაც დღეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება, კატეგორიულად მიუღებელია - ელემენტარულად, ფეხით გადაადგილებას უქმნის პრობლემას, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება და ისე გაკეთდება, როგორც საჭიროებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოვაჭრეების ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაყვანა ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება.
„დავიწყეთ სამგორის რაიონში ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ აღნიშნული ტერიტორია დაკავებული იყო გარევაჭრობით, რაც მიუღებელია და ამ ადამიანების მიმართ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დღეს თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას აგრძელებენ. რა თქმა უნდა, არსებული სივრცის, საიდანაც ამ ადამიანების გადაყვანა მოხდა, მოწესრიგება მოხდება, ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია და ყველანაირად მოწესრიგდება და გალამაზდება.
ჩვენ ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს ყველა მეტროს შესასვლელებთან, გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ. შემდეგი ნაბიჯები მეტრო ახმეტელისა და ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაიდგა. აქაც იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა, გარემოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.