ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დადგეს, თუმც ამაზე კონკრეტული მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
რადიო თავისუფლება: ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს ღიად შეეხო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე თხოვნით მიმართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. მან მოიშველია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან და თქვა, რომ ეს საუბარი აშკარად მიანიშნებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზე. თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო დაწესებაზე? განიხილება ეს საკითხი რაიმე ფორმით?
ანდრიუს კუბილიუსი: სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.