საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ეუთო/ოდირის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
„განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერისა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ თემატურ პროექტებში. აქვე, ყურადღება გამახვილდა ეფექტური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირს მადლობა გადაუხადა საქართველოში გამართულ არჩევნებზე წლების განმავლობაში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნისთვის.
ყურადღება დაეთმო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ეუთო/ოდირთან მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, მის გავლენაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე – პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო/ოდირის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.