მიხეილ სააკაშვილი: ექიმო დეპუტატებო, მომინახულეთ, არ ვაპირებ პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია, Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს და ექიმ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.

„მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც „ჰიპოკრტეს ფიცი“ აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი, ასევე ექიმ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ საჯარო განცხადებები გააკეთონ. „ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და „ჰიპოკრატეს ფიცისადმი“ თქვენი პროფესიული ერთგულების!“- წერს სააკაშვილი.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. 


ასევე წაიკითხეთ