"უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები"

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს იმ ეტაპებს, რომლითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენა დაიწყება.

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მას არ დაუზუსტებია, განიხილება თუ არა სკოლებში დაბრუნებით თარიღის ცვლილება.

"განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რამეთუ, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესი და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა გახარიამ.

სასკოლო პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

პრემიერის თქმით, შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და ექნება მხოლოდ ლოკალური ხასიათი..

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ, როგორც ქვეყნის რესურსი, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ სისტემასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას კარგად გაუმკლავდა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ამასთან ერთად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მიმართულებებზე როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.