ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის პრესმდივანმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა. წერს The Guardian-ი. ბრიუსელში ელჩების შეხვედრაზე, 27 წევრმა ქვეყანამ მოიწონა 1,246 გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე მოქმედებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად სამშაბათს დასრულდება წერილობითი პროცედურის საფუძველზე.
გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.
„ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დროებით გამოყენებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. შემდეგი ეტაპი ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას მოიცავს, რაც ხვალ 15:00 საათისთვის უნდა დასრულდეს“, - დაწერა სებასტიან ფიშერმა Twitter-ზე.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სხდომა 30 დეკემბერისთვისაა ჩანიშნული, რომელიც განიხილავს და ხმას მისცემს კანონპროექტს.