კელი დეგნანი: დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. კელი დეგნანის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცილობენ საქართველოს გაყოფას.

„აშშ თვალყურს ადევნებს, რაც საქართველოში ხდება. საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. მოხარული ვართ იმის ხილვით, რომ პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში მუშაობენ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ცვლილებებისა და პროგრესის მიღწევა უნდა მოხდეს. გვსურს, მეტი აქტიურობის ნახვა პარლამენტში, მიღებული კანონებისა და სტრატეგიების მეტად განხორციელება, გვსურს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე, გზებთან, წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საუკეთესო ადგილი, მათ განსახილველად, პარლამენტია, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და არა იჩხუბოს.

ახლა, იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაყოფას. ჩემი მესიჯი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის: დადგნენ ერთად და ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს ახლა ენერგია“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა მედიასთან.